საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელს შორის - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, შორის – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერში წერს.

„საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, შორის. მშვიდობიანი კავკასია არის გზა უფრო ძლიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი რეგიონისკენ, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენი მოსახლეობის მომავალს“, – წერს პრეზიდენტი.

სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, აზერბაიჯანი მათ 13 სექტემბერს 00:05 საათზე დაესხა თავს და გორისის, სოტკისა და ჯერმუკის მიმართულებით გაუხსნა ცეცხლი არტილერიითა და მსხვილკალიბრიანი იარაღით. აზერბაიჯანელებმა სომხურ პოზიციებსა და დასახლებებზე უპილოტო საფრენი აპარატებითაც მიიტანეს იერიშები. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი კი დაპირისპირების წამოწყებაში სომხეთს ადანაშაულებს. მისი განცხადებით, სომხეთმა „ფართომასშტაბიანი დივერსიული აქტები“ მოაწყო საზღვარზე დაშქესანის, ქელბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით, აზერბაიჯანული პოზიციები კი ცეცხლის ქვეშ მოჰყვნენ.

ოფიციალური მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად 50 აზერბაიჯანელი და 105 სომეხი სამხედრო დაიღუპა. დაშავდნენ სამოქალაქო პირებიც როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს.