საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც „პოლიტიკოსები სასამართლო დამოუკიდებლობას ასუსტებენ“ | Freedom House-ის ანგარიში

პუბლიკა

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ;

„დემოკრატიების რაოდენობა ანგარიშის 25-წლიანი ისტორიის მანძილზე ყველაზე ნაკლებია: 29 შეფასებული ქვეყნიდან, 10 დემოკრატიულადაა მიჩნეული, 10-ში ჰიბრიდული რეჟიმია, 9-ში კი – ავტორიტარული რეჟიმი. საქართველო გარდამავალი ქვეყნებისა თუ ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაშია“, – ვკითხულობთ საერთაშორისო ორგანიზაციის Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ე.წ. „გარდამავალ ქვეყნებში“ დემოკრატიული მმართველობის სხვადასხვა ასპექტს აკვირდება და აფასებს. ანგარიში 1995 წლიდან ყოველ წელს ქვეყნდება და ამჟამად ის ევროპისა და ევრაზიის 29 ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აფასებს.

2020 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამჟამად რეგიონში იმაზე ნაკლები დემოკრატიული სახელმწიფოა ვიდრე ოდესმე, ამ 25 წლის განმავლობაში. საქართველოს ქულა ამ კონკრეტულ ანგარიშში 7 კატეგორიიდან მხოლოდ ერთში – სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით გაუარესდა. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა დასახელებული, სადაც „პოლიტიკოსები სასამართლო დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრიდნენ/ასუსტებდნენ“, ამან კი მათი ქულის კლება გამოიწვია. სასამართლო კანონმდებლობისა და დამოუკიდებულობის კუთხით მდგომარეობა 6 ქვეყანაში გაუარესდა, მათ შორის ჩეხეთში, ლატვიაში, მონტენეგროში, პოლონეთსა და სლოვაკეთში.

ქვეყნების სამი სახვადასხვა კატეგორია “გარდამავალი ქვეყნების შესახებ” ანგარიშის მიხედვით

ანგარიშში ასევე ნახსენებია რამდენიმე, წინააღმდეგობრივი საქმე 2019 წლის განმავლობაში და 2020 წლის დასაწყისში, რომლებმაც ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. კვლევის ავტორები ახსენებენ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს და გიგი უგულავას დაკავებას. იქვე ნათქვამია, რომ იმ საფრთხის ფონზე, რომ ამგვარი ინციდენტები არ შეჩერდებოდა დაბალი ინსტანციის სასამართლოებში, პარლამენტის მმართველმა უმრავლესობამ 14 უვადო მოსამართლე დანიშნა უზენაეს სასამართლოში, ეს კი „ძლიერ დისფუნქციურ და არაპროფესიონალურ“ დანიშვნის პროცესს მოჰყვა შედეგად. სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეჭვები პოლიტიკასთან დაკავშირებული საქმეების თაობაზე, Freedom House-ის მსოფლიო ანგარიშშიც იყო ხაზგასმული.

კვლევაში პოლიტიკური პარტიების, ძირითადად კი ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბოიკოტირებაზეცაა საუბარი ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ალბანეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, სერბეთი, მათ შორის საქართველო. „ისმოდა ულტრა-მემარჯვენე, ექსტრემისტული ჯგუფების ხმებიც ისეთ მრავალფეროვან სახელმწიფოებში, როგორებიცაა ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ბულგარეთი, უკრაინა, საქართველო და სომხეთი.“

„გარდამავალი ქვეყნების“ შესახებ წლევანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჰიბრიდული რეჟიმების რაოდენობა 3-ჯერ და მეტჯერაც კი გაიზარდა. ეს მაშინ, როდესაც დემოკრატიების რაოდენობა 1/3-ით შემცირდა.

„ევროპასა და ევრაზიაში დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტდება, პოლიტიკოსები დემოკრატიულ ნორმებს უკგულებელყოფენ, ლიდერები კი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უკვე აღარც კი აცხადებენ პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ დემოკრატიის წესებით თამაშობენ, ისინი ღიად ესხმიან თავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მოქმედებენ ინდივიდუალური თავისუფლებების შესაზღუდად,“ – ვკითხულობთ ანგარიშის შემაჯამებელ ნაწილში.

ამგვარმა თავდასხმებმა კი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ცენტრალურ ევროპაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ევრაზიაში დემოკრატიის დრამატული შესუსტება გამოიწვია. მნიშვნელოვნად გაუარესდა მაგალითად, პოლონეთის პოზიციები და მან „კონსოლიდირებული დემოკრატიიდან“ „ნახვერად კონსოლიდირებული დემოკრატიის“ კატეგორიაში გადაინაცვლა. ამავე დროს უნგრეთმა, სერბეთმა და მონტენეგრომ ზოგადად დემოკრატიული ქვეყნების კატეგორიაში პოზიციები დაკარგეს და გარდამავალ, ჰიბრიდულ რეჟიმებად შეფასებული ქვეყნების კატეგორიაში აღმოჩნდნენ.

„ბევრი ლიდერი ამ რეგიონში თავს აღარ იკატუნებს, რომ დარდობს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე,“ – ამბობს მაიკლ აბრამოვიჩი, Freedom House-ის პრეზიდენტი. „დროა, რომ იმ ევროპელმა ლიდერებმა, რომლებიც ერთგულნი არიან თავისუფლებისა, საკუთარ სამეზობლოებში არსებულ კრიზისს თვალი გაუსწორონ და იმოქმედონ. უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შესასრულებელი ამერიკასაც და მან კვლავ, თავიდან უნდა მიუძღვნას თავი ისეთ საგარეო პოლიტიკას, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს“, – აცხადებს აბრამოვიჩი და განმარტავს, რომ კორონავირუსის კრიზისმა რეგიონში გარდამტეხი მომენტი შექმნა, დრო, რომლის შემდეგაც მდგომარეობა ან გაუარესდება, ან პირიქით, დემოკრატია ახალი ძალებით გამოცოცხლდება. „იმედი გვაქვს, რომ ეს გამოცდილება დაგვანახვებს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის მნიშვნელობას და კატალიზატორის როლს შეასრულებს ცვლილებებზე ახალ მოთხოვნებში“, – ამბობს ის.

ანგარიშის ავტორების დაკვირვების ქვეშ მყოფი დემოკრატიული ინსტიტუტები პრაქტიკულად ყველგან თავდასხმის ქვეშ იყო და კოვიდ 19-ის გამოყენება მთავრობების მხრიდან, შეიძლება ამძიმებდეს კიდეც ამ შემაშფოთებელ ტენდენციებს. კრიზისის ფონზე ხდება საარჩევნო კანონმდებლობით მანიპულირება იმგვარად, რაც მმართველ, მოქმედ ძალას აძლევს ხელს, პარლამენტების როლი შემცირებულია, დამოუკიდებელი მედია კი ხშირად შეთქმულების კამპანიების მსხვერპლია. წლევანდელ კვლევაში ერთ-ერთ ახალ ტენდენციადაა დასახელებული ისიც, რომ „მთავრობები სასამართლოებს ლოიალური ადამიანებით ავსებენ, იღებენ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც სასამართლო დამოუკიდებლობას კლავს და ზოგჯერ ინდივიდუალური მოსამართლეების გასამართლებაც კი ხდება.“

„დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ისინი წინ აღუდგნენ მჩაგვრელებს, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი წამყვანი პოლიტიკოსები წაახალისებენ დემოკრატიულ პრინციპებს საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებში“ , – ამბობს ჟეიკე ცაკი, Freedom House-ის ევროპისა და ევრაზიის კვლევების დირექტორი.

„ჯერჯერობით ეს ნაკლებად სრულდება და ამის შედეგად მხოლოდ მოკლევადიანი და არათანმიმდევრული, და არა ურთიერთდაკავშირებული პასუხები გვაქვს. კრიზისის აღმოსაფხვრელად და დემოკრატიული კლების შესაზღუდად, ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. თუკი სამყაროში დემოკრატია უნდა გადარჩეს, მას განახლებული ძალა უნდა მიენიჭოს დემოკრატიული საზოგადოების შიგნითვე”, – ამბობს მკვლევარი.

ქვეყნები და მათი რეიტინგის ცვლილება ანგარიშის სხვადასხვა კატეგორიაში 2010-2020 წლებში

ანგარიშის ზოგად მიგნებებს შორის საინტერესია, რომ დემოკრატიის საშუალო ქულა ამ რეგიონისთვის ყოველ წელს იკლებდა 16 წლის განმავლობაში – 2005 წლის შემდე. ,თუმცა გასული ორ წლის მანძილზე თანდათანობითი, ეტაპობრივი რეფორმების გამო ორ ქვეყანაში გაუმჯობესება იყო, ქულა 9 ქვეყანამ გაიუმჯობესა. და მათი რიცხვი, ვინც წინ წავიდა, თითქმის ორი იმდენია, რაც 2019 წლის ანგარიშში ფიქსირდებოდა.

ყველაზე დიდი “ვარდნა”, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა ამ ანგარიშში, უნგრეთმა განიცადა – აქ დემოკრატიის ქულა საშუალოზე მეტით შემცირდა ბოლო 10 წლის მანძილზე. 2020-ში კი შემცირების გამო არჩევნების, ადგილობრივი მთავრობების და კორუფციის კუთხით, უნგრეთმა დემოკრატიების ჯგუფი დატოვა.

პოლონეთმა ასევე შეიცვალა კატეგორია და უნგრეთის შემდეგ ევროკავშირის პირველი წევრი სახელმწიფო გახდა, რომელმაც კონსოლიდირებული დემოკრატიის კატაგორია დაკარგა. ქვეყნის “დანაკარგები” სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონმდებლობისა და დამოუკიდებლობის კუთხით, ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე დიდი იყო, რაც კი ოდესმე ამ ინდიკატორში დაფიქსირებულა.

გამორჩეულადაა აღწერილი მდგომარეობა ბალკანეთის ზოგიერთ ქვეყანაშიც. ბოლო 5 წლის მანძილზე, გამუდმებით მცირდებოდა სერბიის მაჩვენებლებიც და საბოლოოდ ის ისე შემცირდა, რომ ქვეყანა ახლა გარდამავალი/ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაშია. მონტენეგრომ კი დემოკრატიების ჯგუფი “დაკარგა” და სერბიას გასულ წელს “შეუერთდა”. ქვეყანა ამ ზღვარს ზემოთ ყოფნას მთელი ათწლეულის მანძილზე ახერხებდა. თუმცა, დადებითი სიახლეები იყო სხვა ბალკანურ სახელმწიფოებში, მაგალითად კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას რამდენიმე ქულით გაუმჯობესება აქვთ. კოსოვო კი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც საანგარიშო ქვეყნებს შორის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყოველ წელს იუმჯობესებდა სიტუაციას. თუმცა, კვლევის ავტორების თქმით, კვლავ, ორივე ქვეყანაში სიტუაცია გარკვეულ ეჭვებს იწვევს სამომავლო პროგრესთან დაკავშირებით.

დადებითი ტენდენციებია სომხეთშიც, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში უდიდესი გაუმჯობესება მოიპოვა ამ ანგარიშში მისი შეფასების სრული პერიოდის მანძილზე. მისი ქულაც, ქვეყნის წინა ქულებთან შედარებით ყველაზე მაღალია, რაც კი ოდესმე ყოფილა. გაუმჯობესება უკავშირდება არჩევნებსა და კორუფციასთან ბრძოლას. თუმცა, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით კვლავ არის გარკვეული შეშფოთება.

ანგარიშში დადებითადაა შეფასებული უკრაინაში ძალაუფლების ახალი ადმინისტრაციისთვის მშვიდობიანი გადაცემა, რამაც დემოკრატიული მმართველობის კუთხით ქულების გაუმჯობესება გამოიწვია. მცირედი გაუმჯობესება ჰქონდა მოლდოვასაც.

ავტორი: ეკა მაღალდაძე