კოალიციას „ძლიერი საქართველო”, მათი საარჩევნო ვიდეორგოლის გაშვებაზე უარის თქმის გამო, ტელეკომპანია „იმედისა” და „რუსთავი 2-ის” წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში საჩივარი შეაქვს. ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, საარჩევნო რეკლამის არგაშვება „უკანონო, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ცენზურაა“.
„ხელისუფლების პანიკა, რომ ის მარცხდება 26 ოქტომბრის არჩევნებში, როგორც ჩანს, გადაედოთ მათ მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებს. სამწუხაროდ, ტელეკომპანიები – „იმედი“ და „რუსთავი 2“, საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლასაც კი აღარ ერიდებიან იმისთვის, რომ „ძლიერი საქართველოს“ ხმა დაბლოკონ და ხელი შეგვიშალონ, საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების შესახებ სიმართლე ვესაუბროთ; სიმართლე იმ დანაშაულების შესახებ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა.
ჩვენ ძალიან დიდი ხანია თვალყურს ვადევნებთ იმას, რომ „იმედი“ წლებია აღარ გვიშვებს პირდაპირ ეთერში და ბლოკავს შესაძლებლობას, ვესაუბროთ საქართველოს მოქალაქეებს იმაზე, რაც მათ აინტერესებთ, მაგრამ რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არის უკანონო, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ცენზურა. მათ ყველა ნაბიჯი გადადგეს იმისათვის, რომ დაებლოკათ ჩვენი საარჩევნო რეკლამა. ეს არის კანონის წინააღმდეგ წასვლა.
დღეს, ჩვენ ორ საჩივარს შევიტანთ ტელეკომპანია „იმედის“ და „რუსთავი 2-ის” წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ წასვლა, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევა, რასაც ეს მედიასაშუალებები აკეთებენ”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, თავისუფალი მედიაგარემოს უზრუნველყოფის გარეშე, საარჩევნო პერიოდი თავისუფლად არ ჩაითვლება.
„განსაკუთრებით ეს მძიმეა დემოკრატიისთვის წინასაარჩევნო პერიოდში. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ საარჩევნო გარემო და არჩევნები ვერ და არ შეფასდება თავისუფლად და თავისუფალ გარემოში ჩატარებულად, თუ ის არ იქნება უზრუნველყოფილი თავისუფალი მედიაგარემოთი. რასაც ახლა ისინი და ეს ორი მედიასაშუალება აკეთებს, ეს არის მედიის თავისუფალი გარემოს არაკონსტიტუციური შეზღუდვა.
დიდი ხანია ვხედავთ, რომ დაკავებული ხართ ოპოზიციის წინააღმდეგ ძალიან ბინძური რუსული მეთოდების პროპაგანდით, მაგრამ რასაც ახლა მოქალაქეების წინააღმდეგ აკეთებთ, ეს აღარაფერში აღარ ჯდება.
ეს არის იმ ავტორიტარული მოქმედებების გაგრძელება, რაც „ქართული ოცნების“ ხელწერაა, როდესაც ისინი არ ერიდებიან კანონის დარღვევას, ძალადობას, დაშინების კამპანიას, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნონ“, – ამბობს ნაცვლიშვილი.
გუშინ, 10 ოქტომბერს პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კომუნიკაციების კომისია მათ პარტიას უფასო პოლიტიკურ რეკლამაზე წვდომას უზღუდავს.
გახარიამ მიმართა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს, ასევე ტელეკომპანია „იმედსა” და „რუსთავი 2-ს”, გაუშვან მათი პოლიტიკური რეკლამა ეთერებში.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ საქართველოს ქალაქების ქუჩებში განათავსა პროპაგანდისტული ბანერები, რომლების ერთ მხარეს ჩანს რუსეთის მიერ 2022 წელს დაბომბილი უკრაინა და ფოტოები შავ-თეთრია, მეორე მხარეს კი – საქართველოს ფერადი ფოტოები.
„ოცნებამ” გამოუშვა ანალოგიური შინაარიის, ამ ბანერების ამსახველი ვიდეოც.
„მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ გადაწყვეტილებაა, არ გაუშვას ეთერში „ოცნების“ კონკრეტული ვიდეო. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, რომელიც წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და 300-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს.
ასევე, „მედიაკოალიციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” და „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ“.
სამივე ტელეკომპანიამ კლიპის გაშვებაზე უარის მიზეზად დაასახელა ის, რომ რგოლი არაეთიკურია, შეიცავს ომის პროპაგანდას, ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას და ამომრჩევლის ომით დაშინებას.
ეს არხები კომუნიკაციების კომისიამ სამართალდამრღვევად ცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.
თავის მხრივ, გუშინ, 10 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა” გაავრცელა განცხადება, რომ ეთერში აღარ განათავსებს „კოლექტიური ნაცმოძრაობის” საარჩევნო ვიდეოებს, სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ არ გაუშებენ „ოცნების” კლიპს.