მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველო ამერიკულ ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სისტემა „ჯაველინის“ ახალ პარტიას შეიძენს. გადაწყვეტილება 31 იანვარს მთავრობის სხდომაზე მიიღეს და „ჯაველინებისთვის“ 26 მილიონ დოლარზე მეტი გამოიყოფა.
„თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ „ჯაველინის“ სისტემის შესყიდვა, ჯამური ღირებულებით – 26 246 866 დოლარი, დაფინანსდება შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი თანხით. ასევე, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხით“, – აცხადებს მთავრობის პრესსამსახური.
„ჯაველინების“ ახალი პარტიის შესყიდვა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 2021 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის დამატებით 30 მილიონი დოლარის „ჯაველინის“ შესაძლო საგარეო სამხედრო გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სისტემების შეძენა საქართველომ შეერთებული შტატებისგან 2018 წელს დაიწყო. ბოლო წლებში საქართველოსთან ერთად „ჯაველინის“ სისტემები შეიძინა უკრაინამაც.