საქართველო ხელს მოაწერს კონვენციას, რომელიც უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას აფუძნებს - საგარეო

პუბლიკა

სამინისტროს ცნობით, „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ქალაქ ჰააგაში დიპლომატიურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის საბჭოს ეგიდით უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას აფუძნებს.

„საქართველო ხელს მოაწერს კონვენციას, რომელიც აფუძნებს უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას.

კომისია იქნება ორგანო, რომელიც განიხილავს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ან მის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს ან მას შემდეგ ჩადენილი საერთაშორისოდ აღიარებული უკანონო ქმედებებით გამოწვეული ზარალის, დანაკარგის ან ზიანის კომპენსაციის მოთხოვნებს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.


საერთაშორისო მედიის ცნობით, ჰააგაში დღევანდელ სამიტს სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი დაესწრებიან. შეკრების მიზანია, შეიქმნას საერთაშორისო სარჩელების კომისია, რომელიც კიევს აუნაზღაურებს ასობით მილიარდი დოლარის ზარალს, რუსეთის თავდასხმებისა და სავარაუდო ომის დანაშაულების შედეგად.

კომისიის შექმნას წინ უძღოდა ე.წ. „ზარალის რეესტრის“ შექმნა, რომელმაც უკვე მიიღო 80 000-ზე მეტი მოთხოვნა რეპარაციის შესახებ ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციებისგან. AFP-ის ცნობით, რეპარაციების მექანიზმს კოორდინაციას უწევს ევროპის საბჭო.