საქართველო ხუთ ქვეყანას საზღვარს უპირობოდ უხსნის – ჩიქოვანი

პუბლიკა

მთავრობის წარმომადგენლის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საქართველო უპირობოდ უხსნის საზღვარს ხუთ ქვეყანას. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ამ ქვეყნებიდან ჩამოსულმა პირებმა საზღვარზე უნდა შეავსონ ანკეტა, რომელშიც შეიტანენ ინფორმაციას საქართველოში ჩამოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის შესახებ ისტორიას და თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ, ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში ჩაუტარდებათ pcr-ტესტი.

ამის შესახებ ჩიქოვანმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

  • ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.
  • საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, რომელშიც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.
  • მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლისას 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR-ტესტი.
  • ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.

ჩიქოვანის განცხადებით, ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლისა და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა  და AirFrance-თან.