დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ როდესაც კორონავირუსის ვაქცინა იქნება, ქვეყანა მოსახლეობის 20%-ისთვის მიიღებს ვაქცინას და ამისთვის თანხის ნაწილი უკვე გადარიცხულია.
„გადარიცხა საქართველომ უკვე პირველი ტრანში. როცა ვაქცინა იქნება მიღებული და დამტკიცებული მარეგულირებლების მიერ, საქართველომ უნდა მიიღოს მოსახლეობის დაახლოებით 20%-ისთვის (700 000 ადამიანისთვის). მთელი ღირებულება არის 16-დან 17 მილიონ დოლარამდე, სადღაც 4 მილიონამდე თუ არ ვცდები ქვეყანამ უკვე გადარიცხა. ასე რომ, ჩვენ ჩართულნი ვართ ამ პროცესში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 15 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 2197 ადამიანი.