საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას - საგარეო უწყება ყარაბაღში დაწყებულ დაპირისპირებაზე

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ დაპირისპირება ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში არ გადაიზრდება. საგარეო უწყების განცხადებით, საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას.

„შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება. იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

საქართველო მოუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო აქტორებს, მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისათვის“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება დღეს დილით დაიწყო. სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იერიში პირველად, 07:10 საატძე აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა მიიტანეს. აზერბაიჯანში კი აცხადებენ, რომ დაპირისპირება სომხეთის მეირ მოწყობილი პროვოკაციით დაიწყო და აზერბაიჯანელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

დღეს დილას დაწყებულ სამხედრო დაპირისპირებას მოჰყვა მსხვერპლი. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ ჩამოაგდეს რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი და სამხედრო ვერტმფრენი, ასევე გაანადგურეს რამდენიმე ტანკი. უწყება 2 აზერბაიჯანული ტანკის აფეთქების ვიდეოსაც ავრცელებს. აზერბაიჯანის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მათაც არაერთი სომხური სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.