საქართველო NATO-ში უნდა მივიღოთ – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

პუბლიკა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს საქართველოს NATO-ში მიღებისკენ მოუწოდებს, – მევლუთ ჩავუშოღლუს კომენტარს სააგენტო „Reuters” ავრცელებს.

„არ მესმის, რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო ალიანსში ან რატომ არ გავააქტიურეთ წევრობის სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელიც დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ სამიტზე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თურქეთს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის აკრიტიკებენ, როცა საქართველოს ალიანსში სწორედ რუსეთის პროვოცირების შიშით არ იღებენ.

„ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან, როგორც მეზობელთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, მაშინ, როცა ჩვენი დასავლელი მეგობრები არ სთანხმდებიან საქართველოს მოწვევას ალიანსში, რადგან მათ არ სურთ რუსეთის პროვოცირება. არადა, საქართველოს ვჭირდებით ჩვენ და ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. ასე რომ, უნდა გავფართოვდეთ და საქართველო გახდეს ალიანსის წევრი“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.