„საქართველო პროგრესს არ განიცდის" - ნიდერლანდების ელჩის პასუხი სამხარაძეს

პუბლიკა

საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი ნიკოლოზ სამხარაძეს პასუხობს, რომელმაც დაწერა, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოს ბოლო 12 თვის განმავლობაში 35 გაფართოების თავიდან 25-ში სხვადასხვა დონის პროგრესი აქვს.

„არა, ბატონო სამხარაძე, ასე არ არის. საქართველო ევროკავშირის გზაზე პროგრესს არ განიცდის, მანამ, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკუსვლაა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი ამის გამო შეჩერდა“, – წერს ელჩი.

ევროკომისიამ 2024 წლის გაფართოების პაკეტი წარადგინა. 10 კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნის პროგრესის შეფასების პრეზენტაცია გააკეთეს ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სანამ საქართველო ამჟამინდელ კურსს არ შეცვლის, ევროკომისია ვერ შეძლებს მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციის გაცემის განხილვას.

რაც შეეხება საქართველოს შესახებ მომზადებულ ინდივიდუალურ ანგარიშს, იქ შეფასებულია ქვეყანაში განვითარებული ბოლო წლის მდგომარეობა და აღნიშნულია, რომ რუსული კანონის ხელახალი განხილვისა და შემდგომი მიღების გადაწყვეტილებას, მოჰყვა სხვა ნეგატიური მოვლენები, რომლებიც არ ასახავს მთავრობის დეკლარირებულ ერთგულებას ევროკავშირის გზაზე.