საქართველო რჩება ამერიკის პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად რეგიონში – პრეზიდენტი

პუბლიკა

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკლ პომპეოს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, კავკასიისა და შავი ზღვის მნიშვნელობას ამერიკისათვის.

„ეს მნიშვნელობა გაიზარდა რეგიონში შექმნილი ახალი ვითარების ფონზე. მშვიდობა არის უალტერნატივო, ხოლო რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება ჩვენი საერთო ინტერესია. საქართველო ამ ინტერესის დასაცავად ამერიკისათვის კვლავ ღირსეული პარტნიორი და საიმედო საყრდენია რეგიონში.

მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც სამ ათეულ წელს ითვლის, არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ეფუძნება საერთო ღირებულებებს – დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ყველაზე მთავარს – თავისუფლებას.

ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობით და ამერიკის მიერ საქართველოს მხარდაჭერით ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს და ამერიკის საზოგადოებებში და პოლიტიკურ სპექტრში მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს.

ეს ყველაფერი ნიშნავს რომ იქნება მეტი ამერიკა საქართველოში, რეგიონში და საქართველო რჩება ამერიკის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარ და მყარ საყრდენად ამ რეგიონში და ამისთვის ძალიან მადლობელნი ვართ ამ ვიზიტისთვის და ამ შინაარისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დეოკუპაციის მშვიდობიანი გზით მიღწევას ალტერნატივა არ აქვს. ამისთვის საჭიროა ეფექტიანი მოლაპარაკებები, ჟენევის ფორმატის გაძლიერება და ყველა სხვა შესაძლო ფორმატის გამოყენება.

სალომე ზურაბიშვილის კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.