NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმს აპატურაიმ, საქართველოს პარლამენტში მოხსენებით გამოსვლამდე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, აპატურაის სთხოვეს, შეეფასებინა საქართველოს პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.
აპატურაის თქმით, ჩრილოატლანტიკურ ალიანსში სურთ, დაინახონ, რომ ყველა ქვეყანა თავის მაქსიმუმს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად.
„რაც შეეხება შეკითხვას სანქციების შესახებ – NATO, როგორც ორგანიზაცია, არ მონაწილეობს სანქციებში, ამა თუ იმ ფორმით – ეს არ არის ჩვენი საქმე. ერთს ვიტყოდი – ნათელია, რომ, რა თქმა უნდა, საქართველო ძალიან რთულ ვითარებაშია გეოგრაფიული და უსაფრთხოების კუთხით.
ასევე, ნამდვილად, NATO-ს მთავრობებს სურთ, დაინახონ, რომ ყველა ქვეყანამ – იქნება ეს საერთო აზრის მქონე თუ არა, მაგრამ, განსაკუთრებით საერთო აზრის ქვეყნებმა – გააკეთონ აბსოლუტური მაქსიმუმი, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინას და მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე, რათა დაასრულოს ეს ომი“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ასევე, ჯეიმს აპატურაის თქმით, რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს საქარველომ NATO-თან მეტად დასაახლოებლად, ალიანსი მოელის, რომ დაინახოს საქართველოს მხრიდან დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურულ სხდომაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი ჯეიმს აპატურაი კიბერუსაფრთხოებასა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით წარადგენს მოხსენებას.