სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში 17 მილიარდ ევროს გამოყოფს ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამისთვის. მათ შორის, 2.3 მილიარდი ევროთი დაფინანსდება შავ ზღვაში საქართველოსა და რუმინეთს შორის ელექტროგადამცემი ხაზის ჩაშვება.
„ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის მოიცავს:
- სატრანსპორტო პროექტებს, მწვანე სარკინიგზო ხაზების შექმნას, სავაჭრო მარშრუტების გაძლიერებას ევროკავშირში;
- ციფრული კავშირგაბმულობის პროექტებს, როგორიც არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი შავი ზღვის ქვეშ;
- ელექტროენერგიის გადამცემ ხაზს საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, – წერს ვარჰეი.
ევროკომისრის განცხადებით, ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს დააკავშირებს, ევროპაში მწვანე ენერგიის ექსპორტს და საერთო მედეგობას უზრუნველყოფს.
ელექტროგადამცემი ხაზის იდეაზე საუბარი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოში ვიზიტისას წამოიწყო. ალიევმა მაშინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს და საქართველო ამ პროექტის ნაწილი გახდებოდა. მოგვიანებით, ელექტროგადამცემი ხაზის პროექტზე ისაუბრეს ბუდაპეშტში ვიზიტისას უნგრეთისა და საქართველოს ლიდერებმაც.
ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი შავი ზღვის ქვეშ კაბელის ჩაშვების შემდეგ ენერგორესურსების დივერსიფიცირებას შეძლებს.