საქართველო რუსეთთან ერთად არც ერთ სამშვიდობო პლატფორმაში არ ჩაერთვება - საგარეო

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ღვთისიაშვილის თქმით, საქართველო რეგიონში მშვიდობისკენ მიმართულ ყველა ინიციატივას მიესალმება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ამ ინიციატივებში რუსეთი იქნება ჩართული, ქვეყნის დეოკუპაციამდე მასთან არ ითანამშრომლებს.

„საქართველო მხარს უჭერს იმ გრძელვადიან მიზნებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას.

ამ თვალსაზრისით, სამშვიდობო პლატფორმები მეტად მნიშვნელოვანია და ჩვენს რეგიონში მსგავსი პლატფორმების ჩამოყალიბება, პირველ რიგში, უნდა მოხდეს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგისა და თანამშრომლობის გზით, რაც მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტებისა და თანამშრომლობის განვითარების საწინდარია“, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.

მაგრამ მისი თქმით, სამშვიდობო ინიციატივები მხოლოდ მასში მონაწილე სახელმწიფოთა სუვერენიტეტის პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა უშლის ხელს.

„რაც შეეხება გახმაურებულ ფართო, რეგიონულ სამშვიდობო პლატფორმას, საქართველო ვერანაირად ვერ იქნება ჩართული იმ სამშვიდობო პლატფორმაში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყანა.

ჩვენი პოზიციაა, რომ ნებისმიერი თანამშრომლობის პლატფორმა უნდა ემყარებოდეს მონაწილე სახელმწიფოთა ურთიერთპატივისცემას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. შესაბამისად, სანამ არ იქნება გადადგმული დეოკუპაციის კუთხით შესაბამისი ნაბიჯები, მსგავსი ინიციატივა ვერ იქნება პერსპექტიული“, – თქვა ღვთისიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამ კომენტარით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რომელმაც განაცხადა, რომ მოსკოვი მიესალმება მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენისკენ მიმართულ ინიციატივებს და კავკასიაში გრძელვადიანი ფართო სამშვიდობო ფორმატის შექმნის პერსპექტივას.

მანამდე ბაქოში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და რუსეთის, თურქეთისა და ირანის მონაწილეობით ე.წ. ექვსეულის პლატფორმის შექმნას განიხილავს.