„საქართველო საარჩევნო ავტოკრატიაა" — V-Dem Institute-მა დემოკრატიის ანგარიში გამოაქვეყნა

პუბლიკა

V-Dem Institute-ის დემოკრატიის 2024 წლის ანგარიშში საქართველო მოხსენიებულია, როგორც ახალი საარჩევნო ავტოკრატია.

გიოტებორგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის ბაზაზე დაფუძნებული (Varieties of Democracy) V-Dem Institute ყოველწლიურად აქვეყნებს მონაცემებს, რომლითაც შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის შეფასება.

V-Dem Institute წერს, რომ რომ ახალი საარჩევნო ავტოკრატიაა ინდონეზიაც, ხოლო 4 ქვეყანა: ბურკინა ფასო, ლიბია, მალი და ნიგერი დახურული ავტოკრატიებია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოსა და ინდონეზიაში დემოკრატია 2024 წელს ჩამოიშალა. ინდონეზია უკვე მიიჩნეოდა „ნაცრისფერ ზონად“ 2023 წლის ბოლოსთვის, მაგრამ ვითარება 2024-ში კიდევ უფრო დამძიმდა. ხოლო საქართველოში საარჩევნო წელი იყო დემოკრატიის კუთხით ვითარების უმსხვილესი გაუარესება ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რამაც ეს ქვეყანა საარჩევნო ავტოკრატიად აქცია.

ანგარიშის თანახმად, თანამედროვე ავტოკრატიზაციის ტიპური მახასიათებელია ის, რომ გაუარესება ნელი და თანდათანობითია, რაც ართულებს თავიდანვე მის აღმოჩენას.

„თავდაპირველად ადვილი არ არის იმის თქმა, თუ რომელი მცირე გაუარესება განაპირობებს „ნამდვილ“ ავტოკრატიზაციას და რომელი არა, თუმცა, რამდენადაც მცირე ხარვეზები აკუმულირდება მდგომარეობის მსხვილ გაუარესებაში, ავტოკრატიის შესახებ გაურკვევლობაც მცირდება.

ახალ ავტოკრატიებს შორის ამას საქართველო და ტანზანია ასახავს. ამ ქვეყნებში დემოკრატიის გაუარესება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მაგრამ არსებითი საერთო კლება მხოლოდ 2024 წლის ბოლოს დადასტურდა”. – წერს V-Dem Institute.

ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ:

„აღმოსავლეთ ევროპაში მოსახლეობის 65% საარჩევნო ავტოკრატიაში ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთი, სერბეთი და რუსეთი. საქართველო ასეთი ქვეყნების სიას 2024 წელს შეუერთდა.

ბელორუსი პირველი დახურული ავტოკრატიაა ევროპაში”. – ნათქვამია ანგარიშში.

V-Dem Institute წერს, რომ საქართველოში დემოკრატიის დონე 2013-დან 2014 წლამდე უმჯობესდებოდა, სასამართლოს დამოუკიდებლობის, გამოხატვისა და სამოქალაქო თავისუფლების თვალსაზრისით. უკუსვლა დაიწყო 2018 წლიდან და თანდათანობით გრძელდებოდა 2023 წლამდე. 2024 წელს დემოკრატიის ქულები მკვეთრად დაეცა და საქართველო საარჩევნო ავტოკრატიად აქცია.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და მითითებულია, რომ საარჩევნო პროცესი დაზიანდა ბრალდებებით გაყალბების შესახებ, „რასაც პროტესტი მოჰყვა”.

„ხელისუფლებამ ოპოზიცია კრიმინალურ ძალებად შეაფასა, დაიმუქრა ოპოზიციური პარტიების აკრძალვით. ასევე, დემონსტრანტებსა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს დაემუქრნენ დაკავებებით და ბრალდებებით და მიიღეს კანონი „აგენტების შესახებ“. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა და რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია“. – წერს V-Dem Institute.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ინდიკატორი 23 ქვეყანაში გაუარესდა და წინა წლის ანგარიშის მსგავსად, ბოლო მოკვლევამაც აჩვენა, რომ არჩევნები არის რიგით მეორე ასპექტი, რომელიც ყველაზე მეტად ხდება თავდასხმის ობიექტი ავტოკრატიულ ქვეყნებში.

V-Dem Institute მიუთითებს, რომ 45 ავტოკრატიას შორის ყველაზე მეტად საარჩევნო კუთხით ვითარება გაუარესდა 4 მათგანში: საქართველოში, უნგრეთში, სერბეთსა და ნიკარაგუაში.

რაც შეეხება მედიას – ანგარიშში აღნიშნულია, რომ მაგალითად, ეუთოს მისიამ აღმოაჩინა აშკარა პოლიტიკური მიკერძოება და მიუკერძოებელი გაშუქების მოთხოვნის უგულებელყოფა.