საქართველო სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„საქართველო ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის, ეს არის ჩვენი ერის არჩევანი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე.

ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც პრემიერი აცხადებს, საქართველო მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირს დაუახლოვდეს და საბოლოო მიზანთან ახლოს აღმოჩნდეს, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს.

„სულ ახლახან ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარვადგინეთ. როგორც უკვე ვახსენე, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ყველაფერს გავაკეთებთ – მაქსიმუმს გავაკეთებთ – იმისათვის, რომ ევროკავშირს დავუახლოვდეთ და ჩვენს საბოლოო მიზანთან ახლოს აღმოვჩნდეთ, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს“, –  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრთან ერთად პანელში მონაწილეობდნენ მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალარ კარისი, და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი.