საქართველო, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი ყირიმელი თათრების რეპრესიებს გმობენ

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმელი თათრების დეპორტაციის 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრები პატივს მიაგებენ დეპორტაციის დროს გარდაცვლილი ყირიმელი თათრების ხსოვნას. კიდევ ერთხელ, გამოხატავენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და ხაზს უსვამენ, რომ ყირიმის ნახევარკუნძული არის უკრაინის განუყოფელი ნაწილი.

უკრაინაში, საბჭოთა ხელისუფლების მიერ, 1944 წელს ყირიმელი თათრების მასობრივი გასახლება ცენტრალურ აზიაში, ყოველი წლის 18 მაისს აღინიშნება. რეპრესიული პოლიტიკის შედეგად 180 ათასი ყირიმელი თათარის დეპორტაცია უკრაინამ გენოციდად ცნო.

2014 წელს მრავალი ათასი ყირიმელი თათარი და უკრაინელი ასევე გახდა იძულებული, დაეტოვებინა ყირიმის ნახევარკუნძული, რუსეთის მიერ უკრაინის ამ ტერიტორიის ანექსიისა და მიერთების შემდეგ.