საქართველო უკრაინის ქალაქებში რუსეთის სისასტიკეზე ევროკავშირის დეკლარაციას მიუერთდა

პუბლიკა

საქართველო მიუერთდა ევროკავშირის მიერ 4 აპრილს გამოქვეყნებულ დეკლარაციას, რომელიც ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებს გმობს.

ევროკავშირის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ შემზარავი სურათები, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებში დიდი რაოდენობით მსხვერპლს და განადგურებულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ასახავს, გვაჩვენებს რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის რეალურ სახეს. ბუჩასა და სხვა ქალაქებში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა კი ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება.

ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია ამ სისასტიკეებზე, რომლებიც ჩადენილია მაშინ, როცა მათ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლი ჰქონდათ. ისინი ოკუპაციის საერთაშორისო კანონს ექვემდებარებიან.

ხოლო ისინი, ვინც ომის დანაშაული და სხვა სერიოზული ძალადობები ჩაიდინა, ამაზე პასუხისმგებელი რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და სამხედრო ლიდერები მომხდარზე პასუხს აგებენ.

საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის შემუშავებულ დეკლარაციას ევროკავშირთან ერთად უერთდებიან კანდიდატი ქვეყნები – ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და ალბანეთი, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის ქვეყანა და პოტენციური კანდიდატი ბოსნია და ჰერცეგოვინა, EFTA-ს ქვეყნები ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები, ასევე უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.