საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებთ - პრემიერი

პუბლიკა

„ქართველები და უკრაინელები ვართ არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები, არამედ გვაკავშირებს მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორია. ამ სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ხალხებს შორის ძმობას ცალკე აღებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებთ“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით.

პრემიერის განმარტებით,  საქართველო ელჩს გამოიძახებს კონსულტაციებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ან სტრატეგიულ პარტნიორობას.

„ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ მხოლოდ და მხოლოდ კონსულტაციებისთვის იმის თაობაზე, როგორ დავიცვათ უკრაინელ ხალხთან ჩვენი სტრატეგიული, ძმური ურთიერთობები ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც, სამწუხაროდ, თავიანთი პირადი გაურკვეველი ამბიციებისა და ეგოების გამო რისკის ქვეშ აყენებენ ბევრ რამეს. მეორე მხრივ, ჩემთვის გაუგებარია, ისეთი სამწუხარო გამოცდილების შემდეგ, რაც უკრაინას ოდესის შემდგომ გააჩნია, კიდევ ერთხელ ასეთი რამ ხდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს, რომ ეს მათი ქვეყნის შიდა საქმეა, პრემიერმა ამ თემაზე შეკითხვას უპასუხა, რომ მსგავს წინადადებებს უნდა მოჰყვეს გაგრძელება, რომ ისინი ასევე უზრუნველყოფენ, რომ შემდგომში სააკაშვილის მხრიდან სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ გაგრძელდეს. „როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდებით“, – აღნიშნა პრემიერმა.