საქართველო უნდა იყოს ხმამაღალი, მკაფიო და ძლიერი თავის გზავნილებში – ბენ ჰოჯესი

პუბლიკა

თადარიგის გენერალი, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი ხელმძღვანელი, ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ საქართველო რუსეთთან დაკავშირებულ გზავნილებში საჭიროა, იყოს ხმამაღალი, მკაფიო და ძლიერი.

ჰოჯესის თქმით, ასე შეუძლია საქართველოს, დაარწმუნოს ევროპაში სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსები, რომ რაც ახლა უკრაინაში ხდება, ეს რუსეთის ერთიანი პოლიტიკის გაგრძელებაა. გაგრძელებაა იმის, რაც 2008 წელს საქართველოში დაიწყო.

„ეს არ არის ერთმანეთისგან განცალკევებული მოვლენები. ესაა მონახაზი, რომელიც რუსეთმა დახვეწა. როცა ის იჭრება ქვეყანაში, ამბობს სხვადასხვა მიზეზს თავის ქმედებებზე და საბოლოოდ ჩნდება საერთაშორისო არენაზე, სადაც ცვლის ქმედებების ზოგად ნარატივს.

ასე რომ, საქართველო უნდა იყოს ხმამაღალი, უნდა ისაუბროს მკაფიოდ და ურყევად და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს, რომ ის, რაც მოხდა 2008 წელს და შემდეგ 2014-ში და ახლა 2022-ში არის ერთიანი ხაზის გაგრძელება და რუსეთი არასდროს იხევს უკან, ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

ეს, ჩემი აზრით, ერთი და იგივე ამბავია – კრემლის მცდელობა, დაიბრუნოს იმპერია: არა საბჭოთა კავშირი, არამედ იმპერია. ესაა ერთ-ერთი გზა, რომლითაც საქართველოს შეუძლია დახმარების გაწევა.

არ უნდა დავაყენოთ ეჭვქვეშ შედარებით პატარა ქვეყნების ხმის მნიშვნელობა საერთაშორისო ორგანოებში, იქნება ეს ეუთო თუ საერთაშორისო სასამართლოები.

ყველა ადგილას აიმაღლეთ ხმა შეუცდომლად რომ რუსეთო, შენ ხარ აგრესორი შენ ეს ჩვენ უკვე გაგვიკეთე და ახლა იმავეს აკეთებ უკრაინაში და დააკისრეთ მათ პასუხისმგებლობა – ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებულ ვებინარზე.