საქართველო ვაქცინის პირველ დოზას შაბათს მიიღებს | ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის თქმით, საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით და მისი მიღების თარიღმა ერთი კვირით გადმოიწია. ამის შესახებ ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა.

„შაბათიდან ჩვენ საქართველოში გვექნება ვაქცინის ეტაპობრივი მოწოდება. ამ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ მოწოდებაზეა საუბარი. მოწოდებული იქნება დათქმული დოზა – 43 200, რომელიც გადანაწილდება შესაბამისი პროტოკოლით. შემდეგი იქნება „ფაიზერის“ ვაქცინა“. – განაცხადა ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე.


როგორც ცნობილია, საქართველომ პირველ კვარტალში „ასტრაზენეკას“ 129 600 და  „ფაიზერის“ 29 250 დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს. პირველ კვარტალში მისაღები დოზების მიხედვით, ვაქცინაციას 64 800 ადამიანი შეძლებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, პირველ კვარტალში მიღებული დოზით მედპერსონალს აცრიან. მედპერსონალის ჯგუფში 57 ათასი ადამიანია, რომლის ვაქცინაცია პირველ ეტაპზე იგეგმება.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე უნდა აიცრას:

  •  ჯანდაცვის სექტორის 46 420 მუშაკი;
  •  ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების 1 560 ბენეფიციარი და პერსონალი;
  • 75 წელს გადაცილებული 136 080 პირი.