ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველო წელსაც არ მიიწვიეს

პუბლიკა

საქართველო წელსაც არ არის მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე.

ფორუმი 15-16 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება.

დღის წესრიგში საქართველოდან სპიკერებს შორის მხოლოდ ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაა დასახელებული.

გაფართოების ფორუმზე მისასალმებელი სიტყვითა და გახსნითი განცხადებით გამოვა ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი, ხოლო გახსნით მთავარ სიტყვას წარმოთქვამს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ფორუმის ფარგლებში სიტყვით ასევე გამოვა ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი.

გარდა ამისა, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ: მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის პრემიერ-მინისტრი სერგი კორცკი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოიკო სპაიჩი.

წლევანდელი ფორუმის თემაა: „ფართო ევროპა – უფრო ძლიერი ევროპა“.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა:

„გაფართოება ჩვენთვის გეოსტრატეგიული აუცილებლობა და გრძელვადიანი ინვესტიციაა ჩვენს მშვიდობაში, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ის კვლავ დამსახურებაზე დაფუძნებული იქნება, თუმცა პროცესი უფრო დინამიკური უნდა გახდეს. რადგან დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა ნელ სვლას არ ნიშნავს – ის სამართლიანობასა და პროგნოზირებადობას გულისხმობს“.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა კი განაცხადა:

„გაფართოების მიმართულებით წელს 2002 წლის შემდეგ ნებისმიერ სხვა წელთან შედარებით მეტი პროგრესი მივაღწიეთ. დადგა დრო, ჩვენი კავშირი ახალი წევრების მისაღებად მოვამზადოთ. გაფართოება გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო ძლიერი ევროპა ავაშენოთ, რომელსაც საკუთარი მომავლის განსაზღვრა შეეძლება“.

საქართველო გასულ წელსაც არ მიიწვიეს გაფართოების ფორუმზე.

მაშინ „პუბლიკას“ ევროკომისიაში უთხრეს, რომ მიზეზი დემოკრატიის კუთხით გაუარესებული ვითარებაა, „რაც გამოიხატება კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით“.