საქართველოდან გერმანიაში ჩასული მგზავრები კარანტინს არ გაივლიან - საგარეო

პუბლიკა

დღეს  დავით ზალკალიანსა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2020 წლის 15 ივნისს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ახალი კარანტინის ჩარჩო დადგენილება ამოქმედდა.

გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომლებიც რისკის შემცველ ქვეყნებად ითვლება და გერმანიაში ამ ქვეყნებიდან ჩასული მგზავრები სავალდებულო წესით ექვემდებარებიან კარანტინში გადასვლას.

“საქართველოში არსებული დადებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანა არ არის აღნიშნულ სიაში და შესაბამისად, საქართველოდან ჩასული მგზავრებისთვის არ დგება კარანტინში გადასვლის აუცილებლობა.” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  არა-ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის, ამ ეტაპზე, კვლავაც არ არის გახსნილი საზღვრები ტურისტული მიზნით მოგზაურობისათვის.

მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ნებართვა გერმანიაში მგზავრობისათვის, კონკრეტული მიზნით, იქნება ეს სამსახურებრივი გარემოება, განათლების მიღება/გაგრძელება, მკურნალობა, 15 ივნისიდან მოხსნილი აქვთ კარანტინის გავლის ვალდებულება.