პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოდან ე.წ. კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება. პრემიერის თქმით, საჭიროა ამ საკითხის მოგვარება, რადგან გაუმართავი ავტომობილები ქვეყანაში ჰაერის ხარისხს აუარესებენ.
„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს გაუმართავი ავტომობილები რიგ შემთხვევაში ბიზნესად არის გადაქცეული. ე. წ. კატალიზატორების საკითხი და პრობლემა.
ჩვენ ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება.
სამწუხარო რეალობაა და პრაქტიკაში ჩვენ ვიცით, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს და ყიდიან უცხოეთში. ეს არის მთავარი პრობლემის გამომწვევი. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მალე შედეგი გვექნება. ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან ერთად, ღარიბაშვილის თქმით, დაგეგმილია, რომ წელს დაიწყონ თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი.
ღარიბაშვილის თქმით, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მომავალი წლიდან აიკრძალება 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანების იმპორტიც.