საქართველოდან „ოსკარის“ 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმი დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ იქნება. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გაგა ჩხეიძემ გამოაცხადა.
„მაქვს პატივი, მოგახსენოთ, ვინ არის გამარჯვებული: დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი.“ კომისიის 13 წევრი გვყავდა. 11 ხმა მიიღო დეას ფილმმა, 2 ხმა ერგო უტა ბერიას „უარყოფით რიცხვებს“. ვუსურვებ ამ ფილმს წარმატებას“, – განაცხადა გაგა ჩხეიძემ.
ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1 სექტემბერს დაიწყო. წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.
ვადის ამოწურვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:
- “დასაწყისი” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი
- “უარყოფითი რიცხვები” – რეჟისორი უტა ბერია
- “ურსუსი” – რეჟისორი ოთარ შამათავა
კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:
- ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი
- ოთარ ბუბაშვილი
- გოგი გვახარია
- ლაშა ბაქრაძე
- ნანა დოლიძე
- რამაზ ხოტივარი
- ალეკო ცაბაძე
- გიორგი შველიძე
- სალომე დემურია
- ია შუღლიაშვილი
- მაკო ჭილაშვილი
- ანა ჭყონია
- მარიამ ხაჭვანი
- ვაკო კირკიტაძე
- ლაშა ცქვიტინიძე
27 სექტემბერს „დასაწყისი“ სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა – სურათი მთავარი ჯილდოს – „ოქროს ნიჟარის“ მფლობელი გახდა. ამავე ფესტივალზე „დასაწყისმა“ კიდევ სამი ჯილდო მოიპოვა: დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა); ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა); დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);
რამდენიმე დღის წინ სურათი ტორონტოში კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის ჯილდოს მფლობელიც გახდა.