რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული გამოცემა Tass ადგილობრივ სააგენტო „ავტოსტატზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ 2025 წელს საქართველოდან რუსეთში სულ 34,6 ათასი მეორეული მსუბუქი ავტომობილია ექსპორტირებული, რაც სამჯერ მეტია (+218%) წინა წლის 11 თვის მაჩვენებელთან შედარებით – შარშან ეს მაჩვენებელი 10,9 ათასი იყო.
როგორც „ავტოსტატის“ დირექტორი სერგეი ცელიკოვი ტელეგრამზე წერს, მხოლოდ ნოემბერში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული მეორეული მსუბუქი ავტომობილების (სამ წელზე მეტი ასაკის) რაოდენობა 227%-ით გაიზარდა და 4,8 ათასს მიაღწია. ეს მაჩვენებლი 3,3-ჯერ (+227%) მეტია, გასული წლის ნოემბერის მაჩვენებლთან შედარებით – შარშან ნოემბერში 1 461 ერთეულს შეადგენდა.
ამავე წყაროს მიხედვით, ნოემბერში ბრენდების რეიტინგის ტოპ 5-ში შევიდნენ:
- BMW – 926
- Toyota – 441
- Volkswagen – 414
- Hyundai – 373
- KIA – 352
მოდელებს შორის ლიდერები იყვნენ:
- BMW X5 – 279
- Chevrolet Equinox – 175
- BMW X7 – 172
- KIA K5 – 172
- Toyota RAV4 – 160
„ეხო კავკაზას“ ცნობით, იანვარი–ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან რუსეთში გაიგზავნა მხოლოდ რვა მანქანა – ჯამში 139 300 დოლარის ღირებულების. ამასათან, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან ყირგიზეთში რეექსპორტის ღირებულებამ 1,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ყაზახეთში – 639 მილიარდ დოლარს. ზრდის ტენდენცია 2022 წლიდან გახდა თვალსაჩინო.
ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი ვრცელდება „ახალ და მეორეულ მანქანებზე, რომელთა ძრავის მოცულობა ზედა ზღვარს აჭარბებს (>1.900 სმ³), და ყველა ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილზე“.
ცნობისთვის, 2024 წელს ბრიტანული არხი Sky News იუწყებოდა, რომ დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ძვირადღირებული ავტომობილები რუსეთში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, მაინც ხვდება. ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ მანქანები ხშირად ევროპიდან, საქართველოს პორტებიდან, თბილისის შოურუმებიდან ან მეზობელი ქვეყნებიდან შემოაქვთ და სხვადასხვა სქემით – მათ შორის სომხეთში რეგისტრაციისა და ტრანზიტის გზით – ლარსის გავლით რუსეთში გადაჰყავთ.
Sky News-ის ცნობით, სანქციების თავიდან ასარიდებლად გამოიყენება ტრანზიტული ნომრები და მარშრუტების შეცვლის ტაქტიკა, ხოლო ქართველ მძღოლებს, რომლებიც რუსეთში უვიზოდ გადაადგილდებიან, მხოლოდ მანქანების საზღვრის იქით გადაყვანა ევალებათ. გამოძიება ხაზს უსვამს, რომ ეს პრაქტიკა საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა მისი შეჩერებისკენ რეალური ნაბიჯები არ იდგმება.