„საქართველომ აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა" — კოკოითი ივანიშვილს ეხმაურება

პუბლიკა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი ლიდერი, ედუარდ კოკოითი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ე.წ. პრეზიდენტი იყო, გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „ოსი ძმებისთვის ბოდიშის მოხდის” შესახებ და განაცხადა, რომ „საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა”.

„თუ საქართველო სამხრეთ ოსეთის მიმართ პატივისცემით არის განმსჭვალული, მაშინ, პირველ რიგში, საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს ყველა აუცილებელ შეთანხმებას, რომელიც ქმნის გარანტიებს მშვიდობისა და საომარი მოქმედებების არგანახლების შესახებ, ამავდროულად დააყენებს საქართველოს მიერ ოკუპირებული ოსური ტრუსოვსკის (თრუსოს), გუდსკის (გუდაურის) და სხვა ხეობების დაბრუნების საკითხს”, – განაცხადა კოკოითმა.

მისივე თქმით, ეს საკმარისი არ იქნება, ვინაიდან „საქართველომ სამხრეთ ოსეთს 1920 წლიდან 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური ზიანი მიაყენა”.

„მაგრამ ეს საერთოდ არ არის მთავარი. ვინ დაგვიბრუნებს ათიათასობით მოკლულ და-ძმას? ვინ შეამსუბუქებს დაკარგვის ტკივილს ოჯახისა და მეგობრების გულებში? ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს გაპატიებთ”, – თქვა ედუარდ კოკოითმა.

მან ასევე თქვა, რომ „მსოფლიოში არსებული დაძაბული სიტუაციიდან, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კოლექტიური დასავლეთის მცდელობებიდან გამომდინარე, წამოიწყონ ომი რუსეთის საზღვრების გარშემო, მზად არის, რუსეთთან ერთად იბრძოლოს მშვიდობისთვის და თავიდან ავიცილოთ ომის ახალი წყარო სამხრეთ კავკასიაში”.

საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი ლიდერის თქმით, სწორედ რუსეთმა დაამყარა მშვიდობა კავკასიაში.

ამიტომაც, კოკოითის განცხადებით, „საქართველოსთან მშვიდობა სწორედ რუსეთის პირობებით უნდა დამყარდეს”.

„ჩვენ მზად ვართ სამართლიანი დიალოგისთვის თანაბარ პირობებში, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოებია, რომელთა სტატუსი არანაირ განხილვასა და გადახედვას არ ექვემდებარება.

ოსეთი და აფხაზეთი უნდა გახდნენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი ფორპოსტი, რუსეთის საიმედო მხარდამჭერი.

სხვა გზები მიუღებელია ჩვენი ხალხებისთვის, ამიტომ მივმართავ ჩემს აფხაზ ძმებსა და დებს ამ რთულ დროს. ჩვენ ერთად მივაღწიეთ ჩვენი ხალხების ისტორიულ გამარჯვებას და ერთად უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი აღდგენილი სახელმწიფოების მომავალი. რუსეთის გარეშე, რუსეთთან საიმედო ალიანსის გარეშე, შეიძლება ეს მომავალი არ გვქონდეს”, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა.

14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა გორში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა, რომ „ომის გამჩაღებელი „ნაციონალური მოძრაობაა” და ამის „არაერთი სამტკიცი” არსებობს.

მისივე თქმით, „აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.