საქართველომ არ დართო ნება თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღი გადაეტანათ - ალიევი

პუბლიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თბილისმა საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის ტრანსპორტირებაზე უარი თქვა.

„საქართველო მოიქცა როგორც საიმედო პარტნიორი. მინდა, ამისთვის, გამოვხატო ჩემი მადლიერება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების სახით, ჩვენ ვხედავთ საიმედო პარტნიორსა და მეგობარს“, – აღნიშნა ალიევმა სომხეთისთვის იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით.

ალიევი განმარტავს, რომ თბილისის გადაწყვეტილების გამო სომხეთს იარაღი სატრანსპორტო თვითმფრინავებით, კასპიის ქვეყნების გავლითა და საჰაერო სივრცით მიეწოდება. მისივე განცხადებით, უახლოეს მომავალში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

„აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველოს გვერდითაა და ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს საქართველოს განვითარებას, კეთილდღეობასა და სტაბილურობას“, – აღნიშნა ალიევმა.


აზერბაიჯანულმა პროსახელისუფლებო მედიაგამოცემა Haqqin-მა 19 ივლისს გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ თოვუზის დასაბომბად სომხეთს სერბეთმა ნაღმმტყორცნები საქართველოს დახმარებით გაუგზავნა.

„ცნობილი გახდა სენსაციური ფაქტები, რომელიც მიუთითებს, რომ სომხეთი აზერბაიჯანის საზღვარზე მზაკვრული შეტევისთვის წინასწარ ემზადებოდა. შეტევისთვის, რომელიც 12 ივლისს დაიწყო და 4 დღე გაგრძელდა.

haqqin.az-ს სამხედრო წყაროებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე და დაპირისპირების დროს სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების დიდი პარტია სომხეთმა სერბეთისგან საქართველოს გავლით მიიღო“, – წერდა აზერბაიჯანული მედიაგამოცემა.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 20 ივლისს გამოეხმაურა. უწყებამ გავრცელებულ ინფორმაციას ტენდენციური უწოდა და აღნიშნა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ორ პარტნიორ ქვეყანას შორის პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ არის მიმართული.