ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
სტანოს თქმით, რუსეთისგან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის გაუქმების კონტექსტში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ ცნობა რუსეთის ხელისუფლებისგან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შესახებ. ამ კონტექსტში ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა და არაერთმა საერთაშორისო პარტნიორმა ქვეყანამ სანქციები დაუწესეს რუსულ ავიაციის სექტორს – ჩვენ ავკრძალეთ ფრენები რუსეთში, რუსეთიდან და რუსეთის გავლით. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც ისწრაფვის გახდეს კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის ავიაციის სფეროში. ასევე შეინარჩუნოს სიფხიზლე არსებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის მიმართ, განსაკუთრებით, ავიაციის სექტორში“, – აცხადებს სტანო. მისი კომენტარის თარგმანს „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
მისივე თქმით, უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე.
„სანქციების გამო რუსული თვითმფრინავების პარკის 95%-ს არ შეუძლია თვითმფრინავების განახლება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საკითხია“, – ნათქვამია განცხადებაში.