საქართველომ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ხელშეწყობისათვის 1.5 მილიონამდე პირადი დამცავი საშუალება მიიღო. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
სამედიცინო საშუალებების 15 ტონამდე ტვირთი 5 000 სახის საფარს, 13 200 დამცავ სათვალეს, 30 000 საიზოლაციო ხალათს, 1 000 000 სამედიცინო ნიღაბს და 328 000 რესპირატორს მოიცავს.
„ეს ტვირთი ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რომელიც ქვეყანამ დონორების მხარდაჭერით მიიღო. ის განკუთვნილია იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ უშუალოდ, წინა ხაზზე იბრძვიან. ეს დახმარება ჯანდაცვის სისტემას საშუალებას მისცემს უფრო კარგად მოემზადოს გამოწვევების საპასუხოდ.
პირადი დამცავი საშუალებები ჯანდაცვის მუშაკების უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ის გადანაწილდება ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 9 რეგიონულ ლაბორატორიაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 4 200 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრებსა და სოფლის ექიმებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა წერს, ეს დახმარება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 400 მილიონი ევროს ნაწილია, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დაცვასა და ეკონომიკურ გაუმჯობესებას ითვალისწინებს.