საქართველომ რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო, რის მიხედვითაც, ქვეყანას კომპანიისთვის 80,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაევალა.
როგორც იუსტიციის სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, Inter RAO-სთან საარბიტრაჟო დავა ელექტროენერგიის ტარიფების განსაზღვრის საკითხს შეეხება.
„საქართველოს მთავრობამ ტარიფები განსაზღვრა სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად, რითაც 2014 წლიდან მოყოლებული ჩვენი მოქალაქეები იხდიან უფრო მცირე ტარიფს, ვიდრე კომპანია მოითხოვდა“, – განუცხადეს „პუბლიკას“ იუსტიციის სამინისტროში.
მათი თქმით, სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც, inter RAO-ს ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. სამინისტროს განცხადებით, inter RAO მოითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა 80,5 მილიონი აშშ დოლარი.
სამინისტროს თქმით, არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში.
„სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი; შესაბამისად, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, ცხადია, ეს გავლენას არ მოახდენს მოსახლეობის ტარიფებზე“, – განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.