საქართველომ მიიღო კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს - პაველ ჰერჩინსკი

პუბლიკა

„ჩვენ, ევროკავშირი, არ ვუჭერთ მხარს არცერთ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, ვგმობთ ძალადობას და დიალოგისკენ მოწოდებით გამოვდივართ, რადგან საქართველოში არსებული ძალიან ღრმა და გამწვავებული პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი დიალოგია“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს და უცხოური აგენტების კანონს, რომელიც ამერიკული კანონის ასლია, არაფერი აქვს საერთო ევროპულ კანონმდებლობასთან.

„რამდენიმე დღის წინ ვენეციის კომისიამ, რომელიც ევროპის საბჭოს ორგანოა, თავის უახლეს იურიდიულ დასკვნაში, რომელიც 20-ზე მეტ გვერდს მოიცავს, ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ეს კანონები არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ევროპულ კანონმდებლობას, არამედ ისინი რეალურად ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს ევროპის საბჭოს წინაშე.

სამწუხარო რეალობაა, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოში მრავალი სხვადასხვა კანონი იქნა მიღებული, არა მხოლოდ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, „ფარა“, არამედ გრანტების შესახებ შესწორებული კანონი, მაუწყებლობის შესახებ კანონი და მრავალი სხვა კანონი, პრაქტიკულად ყოველდღე შემოდის ან იცვლება ახალი და ახალი კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული და ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ როგორც ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა ხმამაღლა და ნათლად განაცხადა გასულ ორშაბათს, ამ კანონებით, საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება ევროკავშირის წევრი გახდეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ასე ღიად და პირდაპირ ვამბობ“, – ამბობს ჰერჩინსკი „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.