საქართველომ მოიგერია რუსეთის მორიგი შეტევა - პარტია „ლელოს“ განცხადება

პუბლიკა

„საქართველომ მოიგერია რუსეთის მორიგი შეტევა. ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების დრო დადგა, “- ამბობენ პარტია „ლელოში“.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და მთლიანად ქართული საზოგადოების ერთიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო.

„საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ცხადად დაინახა რომ საქართველო, ქართველიხალხი, მიუხედავად, დღევანდელი ხელისუფლების მოღალატეობრივი მცდელობისა, მაინც მიაღწევს საწადელს და გახდება ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი.

ხელისუფლებამ რუსული კანონპროექტის ძალისმიერი მეთოდებით, ტყუილითა და აუხსნელი სისწრაფით გატანის მცდელობით საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მშვიდობიანი მომიტინგეების დაუნდობელი დარბევით კი ცეცხლზე ნავთი დაასხა და ახალგაზრდებს მწვავე ქმედებებისკენ უბიძგა.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველაუკანონოდ დაკავებული პროტესტის მონაწილე; გამოძიებული და დასჯილი იყოს მიტინგის დარბევისას ძალის გადამეტებული გამოყენების შემთხვევები და პარლამენტის უახლოეს სხდომაზე იურიდიულად გაფორმდეს რუსული კანონის უკან გაწვევა, “- ნათქვამია განცხადებაში.


თბილისში ორდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ თქვა, რომ გაიწვევენ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს.

7 მარტს, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და მიიღო პირველი მოსმენით რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.

8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრზამის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშღომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.