საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, საქართველომ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში 1000 ჟანგბადის კონცენტრატორი, 500 არაინვაზიური სამედიცინო სასუნთქი გზების ვენტილაციის აპარატი, 400-მდე ჰოსპიტალური საწოლი და კომბინირებული სიპაპები მიიღო.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამედიცინო ინვენტარი მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაათვალიერა. სამიისტროს თქმით, სამედიცინო აღჭურვილობა განკუთვნილია სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე კოვიდ- 19-ის გართულებული შემთხვევების სამართავად იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობას კოვიდ-კლინიკებსა და კლინიკურ სასტუმროებში გადიან.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულის გამოყენება სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით ბინაზე მიმდინარე მკურნალობის პირობებშიც შესაძლებელია.
„მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში 1000 ჟანგბადის კონცენტრატორი, სიპაპები და კომბინირებული სიპაპები გადმოგვეცა, რომელიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება. გარდა ამისა, ჩვენ 400-მდე ჰოსპიტალური საწოლი მივიღეთ, რომელიც ძირითადად სახელმწიფო კლინიკებში განთავსდება: რუხში , თბილისსა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ადგილზე დავათვალიერეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც, რომელიც დასასრულს უახლოვდება. მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, რომელსაც საქართველოს დახმარებაში მნიშვნელოვანი ღვაწლი აქვს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
პანდემიასთან ბრძოლისთვის სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.
„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ , იმისთვის რომ კოვიდ ინფიცირებულები მალე გამოჯანმრთელდნენ. მსურს მადლობა გადავუხადო მედიცინის მუშაკებს, ექიმებს , ექთნებს . ეს ადამიანები თითოეული ჩვენგანის დასაცავად საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ. რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ . დაიცავით უსაფრთხოების წესები , დისტანცია და ატარეთ პირბადე „ – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა.