საქართველომ რუსულ კომპანია Inter RAO-თან $76-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

პუბლიკა

საქართველომ რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-თან საერთაშორისო არბიტრაჟში დავა წააგო. ქვეყანას კომპანიისთვის $75.9 მილიონის გადახდა დაევალა ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით არსებულ დავაში.

საქართველოსა და Inter RAO-ს შორის დავას მსოფლიო ბანკთან არსებული საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრი (ICSID) განიხილავდა.

Inter RAO აცხადებდა, რომ საქართველომ საინვესტიციო შეთანხმება და მემორანდუმის პირობები დაარღვია, რის გამოც ის ფინანასურად დაზარალდა. მათი მტკიცებით, საქართველოს აღებული ჰქონდა ვალდებულება, რომ არ შემცირებულიყო ტარიფები ელექტროენერგიაზე.

ამასთანავე, კომპანიამ დაადანაშაულა მთავრობა იმაში, რომ მან ვერ დაა ზღვიაისეთი ფაქტორები, როგორიცაა ინფლაცია და ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რამდენიმე წინა შეთანხმების უგულებელყოფით.

ICSID-მ მიიჩნია, რომ საქართველომ დაარღვია ნიდერლანდებთან დადებული ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. დააკმაყოფილა Inter RAO-ს მოთხოვნა და ქვეყანას მისი შვილობილი კომპანიებისთვის Gardabani Holdings BV-სა და Silk Road Holdings BV-თვის დაეკისრა $75.9 მილიონის გადახდა.

არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების დებულება ქვეყანას ავალდებულებდა, დაეცვა „ნებისმიერი ვალდებულება“, რომელიც დადებული იყო ჰოლანდიელ ინვესტორებთან.

ამასთან, საქართველომ წააგო კიდევ ერთი საარბიტრაჟო დავა, რომელიც პარალელურად მიმდინარეობდა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში. ამ შემთხვევაში ქვეყანას Inter Rao-ს შვილობილი კომპანიებისთვის $112 მილიონის გადახდა დაეკისრა.

საქართველოს მიერ დანიშნული არბიტრი კი აცხადებს, რომ არბიტრაჟმა უმრავლესობით გადაწყვიტა ანაზღაურების დაკისრება იმ პირობით, რომ კომპანიები არ მოითხოვდნენ თანხებს იმ შეჯამებული ზარალის მიღმა, რაც მათ მიიღეს. უნდა მიღებულიყო ზომები ორმაგი ანაზღაურების თავიდან ასაცილებლად. ორი არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კი ურთიერთგამომრიცხავია.

Inter Rao საქართველოში Silk Road-ის გავლით „თელასის“ აქციების 75%-ს ფლობს. ასევე მსხვილი რუსული ენერგოკომპანიაა ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მფლობელი. რომელიც თავის მხრივ ორ ჰიდროელექტროსადგურს ფლობს „ხრამჰეს 1-სა“ და „ხრამჰეს 2-ს“. ასევე, მის საკუთრებაში იყო გარდაბნის ძველი თბოსადგურიც.