საქართველომ სომხეთს 4 ათასი დამცავშრიანი პირბადე აჩუქა – „საპარტნიორო ფონდი“

პუბლიკა

„საპარტნიორო ფონდის” განცხადებით, მათ საქართველოში წარმოებული 4 ათასი სამედიცინო პირბადე სომხეთს გადასცეს. ფონდის განცხადებით, თავისი მხარდაჭერით შექმნილი სამედიცინო პირბადეების საწარმოს პირველი პროდუქცია – Faceguard, მრავალწლიანი „თანამშრომლობისა და მეგობრობის ნიშნად“, სომხეთის პრეზიდენტს, ჯანდაცვის მინისტრს, ასევე, სამთავრობო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს გაუგზავნა.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, სომხეთის სახელმწიფო ინტერესების ფონდმა, რომელიც სომხეთში „საპარტნიორო ფონდის“ ანალოგიურ სტრუქტურას წარმოადგენს, საქართველოდან გაგზავნილი დამცავშრიანი პირბადეები შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების პერსონალს დაურიგა.

„საწარმოს წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12-მილიონ პირბადეს შეადგენს. პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი, ასევე – საექსპორტო ბაზრებისთვის“, – აღნიშნულია „საპარტნიორო ფონდის“ განცხადებაში.


Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 8 676 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 460 შემთხვევა ბოლო ერთ დღეში გამოვლინდა. ბოლო 24 საათში დაიღუპა 7 ადამიანი, ხოლო სულ covid-19-ით გარდაცვლილია 120 პირი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 3 297-ს შეადგენს.