საქართველომ სტრასბურგში ილიაუნიში მოკლული ლექტორის საქმე წააგო

პუბლიკა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ წააგო საქმე – თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ. საქმე ეხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილი ქმრის მიერ მოკლულ ლექტორს, მარიამ წივწივაძეს. მოსარჩელე მარიამ წივწივაძის დედა იყო.

სასამართლომ დადგენილებით, დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან მიმართებით.

სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფომ მომჩივანს ზიანის ანაზღაურების სახით 35 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.

სასამართლო მიუთითებს, რომ მოკლულის დედამ არაერთხელ მიმართა საჩივრით პროკურატურას, რომ პოლიციის შესაძლო გულგრილობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულიყო, თუმცა  წარუმატებლად და/ან უპასუხოდ.

მან აღნიშნა, რომ შესამჩნევი იყო მტკიცებულებების არასწორი და არასრული შეგროვება პოლიციელების მხრიდან.

„[აპლიკანტი და მისი ქალიშვილი] პოლიციამ შეცდომაში შეიყვანა, რომ თითქოს მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, დაეკავებინათ მოძალადე ან რაიმე სხვა ამკრძალავი ღონისძიება გაეტარებინათ“, – აღნიშნავს სასამართლო.

სასამართლომ დადგენილებით, დაირღვა და არ შესრულდა პრევენციული ღონისძიებები ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დასაცავად; ასევე, არ დაწყებულა გამოძიება პოლიციის უმოქმედობაზე, სისტემური მარცხისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფონზე.

„უკვე დადგენილია, რომ სამართალდამცველთა უმოქმედობა ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ოჯახში ძალადობის საქმე მკვლელობამდე მივიდა. სამართალდამცველებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ მაღალი რისკის შესახებ, რის წინაშე დადგებოდა მსხვერპლი, თუ პოლიცია არ შეასრულდებოდა დაკისრებულ მოვალეობას. მათი უყურადღებობა გასცდა არასწორ შეფასებას ან დაუდევრობას.

მიუხედავად ამისა, პროკურატურამ გულგრილობა გამოიჩინა აპლიკანტის არაერთი საჩივრის მიმართ და არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს პოლიციის ოფიცრების ვინაობის გასაგებად, რათა დაეკითხა ისინი და დაეყენებინა მათი პასუხისმგებლობის საკითხი, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სათანადოდ ვერ უპასუხეს გენდერული ნიშნით ძალადობის რამდენიმე შემთხვევას, რომელიც წინ უძღვოდა მკვლელობას“, – აღნიშნავს სასამართლო.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ პოლიციელების მიმართ დისციპლინური შესწავლაც კი არ დაწყებულა შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.


მარიამ წივწივაძის საქმე

ილიაუნის ლექტორი მარიამ წივწივაძე ყოფილმა მეუღლემ ლაშა მაღრაძემ 2014 წლის 17 ოქტომბერს უნივერსიტეტში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მარიამ წივწივაძეს მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, ექიმის თქმით, მძიმე მდგომარეობის გამო ოპერაცია ვერ ჩაუტარდა. მარიამ წივწივაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოჯახის წევრების თქმით, მარიამ წივწივაძე მუდმივად განიცდიდა მუქარასა და შევიწროებას ყოფილი მეუღლის მხრიდან და ამის შესახებ პოლიციასაც არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

მარიამ წივწივაძის გარდაცვალების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებდნენ, რომ მან არაერთხელ მიმართა პოლიციას, თუმცა პოლიციამ მარიამ წივწივაძის ყოფილ მეუღლეს მხოლოდ პირობა დაადებინა, რომ ის მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აღარ მიაყენებდა.

„მაკა წივწივაძემ 22 სექტემბერს რუსთავის პოლიციის განყოფილებას მიმართა და განაცხადა, რომ მეუღლე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. წივწივაძე ოქმში წერდა, რომ სურდა, მეუღლეს მისთვის თავი დაენებებინა. ლაშა მაღრაძემ გასაუბრების ოქმში პირობა დადო, რომ მეუღლეს აღარ მიაყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და ბოდიშს მოუხდიდა.

წივწივაძემ პოლიციას განმეორებით 26 სექტემბერს მიმართა და თქვა, რომ ყოფილი მეუღლე შეურაცხმყოფელ სმს-ებს უგზავნიდა და შერიგებას სთხოვდა. 29 სექტემბერს ლაშა მაღრაძე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში დაიბარეს და გაფრთხილება მისცეს, რომ თუ ყოფილ მეუღლეს კვლავ შეაწუხებდა, კანონის შესაბამისად აგებდა პასუხს. ამის შემდეგ წივწივაძეს პოლიციისთვის აღარ მიუმართავს „- ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი იმაზე, თუ რატომ არ იმოქმედა სამართალდამცავმა უწყებამ დროულად და არ გამოუწერა შემაკავებელი ორდერი გარდაცვლილის ყოფილ მეუღლეს.

2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ილიაუნიში მოკლული ლექტორის მარიკა წივწივაძის დედის სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ და მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.