საქართველომ უკეთ უნდა დაიცვას LGBTIQ ჯგუფების უფლებები - ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი

პუბლიკა

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო საქართველოში გუშინ, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებზე, უმცირესობათა წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმა მიუღებელია.

პიტერ სტანო აცხადებს, რომ ადამიანის მიერ გამოხატვის და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემა და დაცვა ნებისმიერი მთავრობის ამოცანაა დემოკრატიულ ქვეყანაში, განსაკუთრებით ისეთში, რომელიც ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირებისთვის იღწვის.

„სამართალდამცავი ორგანოები პასუხისმგებელნი არიან ამ უფლებებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს უზრუნველყოფაზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისთვის. ძალადობის აქტები სრაფად და საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული. დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა გადის თანასწორობის პრინციპის დაცვაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით არის განმტკიცებული“, – აცხადებს ის.

მისი თქმით, საქართველომ უნდა გააძლიეროს ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ.

„საქართველომ უნდა გააძლიეროს ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, გენდერული და სექსუალური ორიენტაციის ჩათვლით და უკეთ დაიცვას LGBTIQ ჯგუფების უფლებები. ეს პრინციპები ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში“, – აცხადებს ის.

მისი თქმით, დღეს, 6 ივლისს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაიმართა დიალოგი ადამიანის უფლებების საკითხებზე, სადაც მიმდინარე მოვლენები და LGBTIQ ჯგუფების უფლებების საკითხები იქნა განხილული.


5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მათ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ. პრაიდის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც. დღის განმავლობაში ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ არაერთ ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.