საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება რუსულ კანონს ამჟამინდელი ფორმით მიიღებს, გერმანია, ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებისას, არ მისცემს ხმას საქართველოსთვის მოლაპარაკების სივრცის გახსნას.
გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველომ უკვე გადაუხვია ევროპულ გზას.
„ეს დინამიკური პროცესია, ალბათ, წაიკითხეთ განცხადება, რომელიც გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთობლივად გამოაქვეყნეს და რომელიც უკავშირდებოდა მიღებულ კანონს. საქართველომ უკვე გადაუხვია ევროპულ გზას. არსებობს სტანდარტები, რომლებიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი სტანდარტს მიღმაა. რაც შეეხება ევროკომისიის დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას, ეს კანონი თუ იქნება მიღებული ისე, როგორც ახლაა, გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთვის მოლაპარაკების სივრცის გახსნას, თქვენ უნდა იყოთ სტანდარტებთან შესაბამისი, თუ არადა წინ ვერ წახვალთ“(TV პირველის თარგმანი), – განაცხადა პეტერ ფიშერმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის პრემიერმა, ოლაფ შოლცმა რუსულ კანონთან დაკავშირებით საერთო განცხადებაში აღნიშნეს, რომ ღრმად შეშფოთებულები არიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებით.
„ღრმა მწუხარებით ვაკვირდებით საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით ამ გზიდან გადაუხვიოს, მაგალითად ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებით.
საქართველოს ევროპული გზა უკვე მონიშნულია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზე არის დამოკიდებული”, – წერია განცხადებაში.