საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა - EU

პუბლიკა

„ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი, პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ანგარიშვალდებულება და ხარისხი“,- ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ჟულიენ კრამპმა განაცხადა.

„ეს თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს, რომელიც მან 2020 წლის სექტემბერში მაკროფინანსური დახმარების პროგრამების პირობების ხელმოწერისას აიღო.

150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში, ეს თანხები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღებას უნდა მოხმარებოდა.“

ბრიფინგზე ითქვა, რომ მაკროფინანსური დახმარების მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობები, ასევე იყო იმ ვალდებულებებს შორის, რომელიც საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა 2020 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი შეთანხმებით აიღეს.