საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არ ფლობს არც პასპორტს, არც პირადობის მოწმობას

პუბლიკა

2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არ ფლობს არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს, არც პირადობის ელექტრონულ მოწმობას, არც პირადობის არაელექტრონულ მოწმობას.

ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად აცნობა.

დოკუმენტისვე მიხედვით, 30 სექტემბრის მდგომარეობით, არასრულწლოვან მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც არ ფლობენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, 682 943-ია.

ჯამში საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც არ ფლობენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, 882 052-ია.

30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქის აქტიურ პასპორტს, ჯამში, 458 234 მოქალაქე ფლობს. მათ შორის, 293 863 სრულწლოვანი და 164 371 არასრულწლოვანი.

რაც შეეხება ელექტრონული პირადობის მოწმობის მფლობელი მოქალაქეების რაოდენობა, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დოკუმენტი, ჯამში, 3 345 274 მოქალაქეს აქვს. მათ შორის, 3 203 702 სრულწლოვანს და 141 572 არასრულწლოვან მოქალაქეს.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში, არაელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა 395 მოქალაქეს აქვს.