პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის შემოწმების, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული კონტროლისა და, ასევე, პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით, მოეწყობა საკონტროლო პუნქტები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლისთვის, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
„ამ ღონისძიებას გაატარებს შსს-ს ძალები და მასთან ერთად ჩაერთვებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები. ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი – ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილების პირობებში თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულება, რაც მთავარია, ამ შეზღუდვებში თანამშრომლობა სახელმწიფო მოქალაქისა და ნებისმიერი სოციალური ჯგუფის, ამ ქვეყნის, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ის შედარებით წარმატებული გამოწვევაზე პასუხი გავაგრძელოთ”, – განაცხადა პრემიერმა.