საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

პუბლიკა

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტმა ახალი პერმიერ-მინისტრი და მის მიერ წარმოდგენილი მთავრობა დაამტკიცა. ირაკლი კობახიძეს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინაარმდეგ ხმა მისცა 10-მა დეპუტატმა.

მანამდე საკანონმდებლო ორგანოში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა გაიმართა.

ირაკლი კობახიძე დაიბადა 1978 წლის 25 სექტემბერს. იურიდიული განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1995–2000 წლებში, აგრეთვე გერმანიაში, დიუსელდორფის უნივერსიტეტში 2002–2006 წლებში, სადაც მიენიჭა სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებში.

2015 წელს მან „ქართულ ოცნებაში“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა დაიკავა.

2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2016 წლის 18 ნოემბერს ირაკლი კობახიძე 118 ხმით 3-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

2019 წლის 21 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა.

ამის შემდეგ ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად აირჩიეს. ხოლო ამ დრომდე პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, სადაც მას წინა პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს.