საქართველოს ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია ეწვია

პუბლიკა

საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი).

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან – ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან – დავით ზალკალიანთან, თავდაცვის მინისტრთან – ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკის მინისტრთან – ნათია თურნავასთან.

ასევე, გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტში. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები, ასევე, ეწვევიან საოკუპაციო ხაზს.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის” თანასპონსორები არიან.

ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული, აღსანიშნავია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული ქ. სან-დიეგოში მელორ წიფურია“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, კონგრესმენების ვიზიტი საქართველოში 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.