საქართველოს ამომრჩეველთა 5-მილიონიანი მონაცემთა ბაზა ჰაკერულ ფორუმზე დაიდო - ZDNet

პუბლიკა

საქართველოს ამომრჩეველთა თითქმის 5-მილიონიანი მონაცემთა ბაზა, მათ შორის გარდაცვლილი ამომრჩევლების ჩათვლით, შაბათს ჰაკერულ ფორუმზე დაიდო. ინფორმაციას მედიაგამოცემა ZDNet ავრცელებს, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ წერს.

1.04GB მოცულობის ბაზა 4 934 863 ჩანაწერს შეიცავს. მასში თავმოყრილია საქართველოს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი.

როგორც ZDNet წერს, ქართველ ამომრჩეველთა MDB (Microsoft Access database) ტიპის ბაზას მონაცემების გაჟონვის მონიტორინგისა და პრევენციის კომპანია Under the Breach-მა მიაკვლია.

ZDNet-ის მიხედვით, უცნობია, ვინ მოიპოვა ეს მონაცემთა ბაზა. მომხმარებელი, რომელმაც ის ფორუმზე განათავსა, ირწმუნებოდა, რომ მონაცემები ცესკოს საიტიდან voters.cec.gov.ge-დან მოიპოვა. ასევე უცნობია, ჰაკერებმა რა გზით მოიპოვეს ეს მონაცემები და მიიღეს ის საიტიდან თუ მობილური აპლიკაციიდან.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს დაუკავშირდა. როგორც შშს-ში განაცხადეს, ფაქტის შესახებ დაწყებულია მოკვლევა. გავრცელებული ინფორმაციის შესახებ მოკვლევა დაწყებულია ცესკოშიც.