„სრული გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არამედ უკვე ფეხზე დაყენებული ეკონომიკა და ეს საბოლოო მიზანია“, – განაცხადა დღეს გიორგი გახარიამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.
მისი თქმით, ეკონომიკის ამოქმედების 6-ეტაპიანი გეგმა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა დაჩქარდეს, ან პირიქით გადავადდეს და ეს თავიდანვე გაცხადებული იყო მოსახლეობისთვის.
გახარიას თქმით, ტურიზმს საქართველოში აქვს შესაძლებლობა, ხელი შუეწყოს ეკონომიკის განვითარებას პოსტკრიზისულ პერიოდში.
„საქართველოს აქვს ის უპირატესობა, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. საქართველოს აქვს შესაძლებლობა შექმნას კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები. ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი. განსაკუთრებით ის კურორტები, რომლებიც სასუნთქი გზების რეაბილიტაციისთვის იყო აუცილებელი. ჩვენ ამაზე ვფიქრობთ. ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკული მნიშვნელობის წერტილი. ეს არის საზღვარი პირველ რიგში და აქ ჯანდაცვის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ საზღვრებზე გაძლიერდეს შემომსვლელი ადამიანების კონტროლი. ეს კონტროლი თუ აქამდე გვჭირდება, 14-დღიანი კარანტინი 1 საათში უნდა გადაიჭრას. ამის ტექნოლოგიები და შესაძლებლობები უკვე არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამ ამოცანას უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1 ივლისიდან მზად იქნება, მიიღოს უცხოელი ტურისტები.
„ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით, ორმხრივი მოლაპარაკებით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები დაწყებულია და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ავღნიშნო, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები“, – განაცხადა გახარიამ.