საქართველოს არ გააჩნია შესაძლებლობა, რუსეთი რეალური დიალოგისკენ წაიყვანოს - ზურაბიშვილი

პუბლიკა

„რუსეთის მხარე, რომელსაც არ გააჩნია დიპლომატიური ქცევის სურვილი. ყველა ძალა არის ჩართული ამ პროცესში და წარმატება აქამდე ვერ მიუღწევიათ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე დიალოგისთვის საქართველო მზად არის, თუმცა, დეესკალაციაზე და სერიოზულ დიალოგზე ვერ ვისაუბრებთ, როდესაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება საქართველოს მოქალაქეების გატაცება და მავთულხლართების გაბმა.

„ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ძალისმიერი მეთოდებით გადავჭრათ. ეს ყველამ ვიცით. ჩვენ ეს ვალდებულება ერთიანად ვიკისრეთ, რომ ძალა არ გამოგვეყენებინა ამ კონფლიქტის გადასაჭრელად. ერთადერთი დარჩენილი ალტერნატივა დიპლომატიაა. მეორე მხარეს გვყავს რუსეთის მხარე, რომელსაც არ გააჩნია დიპლომატიური ქცევის სურვილი. ყველა ძალა არის ჩართული ამ პროცესში და წარმატება აქამდე ვერ მიუღწევიათ. ხანდახან გრძელი მაგიდაც ყოფილა, მაგრამ რეალური დისკუსია ამ საკითხზე არ შემდგარა.

ამიტომ ძალიან მოკრძალებულად ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს არ გააჩნია შესაძლებლობა რუსეთი რეალური დიალოგისკენ წაიყვანოს, დეესკალაცია მოახდინოს. ამ შემთხვევაში დეესკალაცია არის ნებისმიერი სახის სერიოზული დიალოგის რეჟიმის პარალელურად გასატარებელი. ეს უნდა მოხდეს საოკუპაციო ხაზზე. ყველა ის ინციდენტი, რაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება, როდესაც ხალხს იტაცებენ, როდესაც იწევს წინ მავთულხლართები, ყველაფერი ეს როდესაც სახეზეა, დეესკალაციაზე და სერიოზულ დიალოგზე როგორ ვისაუბროთ? არადა, მზად ვართ! სამწუხაროდ, დიალოგისკენ გადმოდგმული ნაბიჯების ნიშნებს მე ვერ ვხედავ. ამის ნიშნებს ვერც უკრაინაში ვხედავ. მაგრამ რომ ყოფილიყო, ყველა რისკს ვიკისრებდი მეცადა და ყველა შესაძლებლობა გამომეყენებინა. მგონია, რომ ამას აკეთებს პრეზიდენტი ზელენსკი და ამ მიმართულებით ძალიან გაბედულად იქცევა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე შეფასებით, სანქციები, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთს დაეკისრა „უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული“.

„მიმაჩნია, რომ სანქციები, რომელიც დაწესდა უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული. მაგრამ ეს არის სიგნალი, რაც მომავალში მოხდება. ეს სანქციები ცოტა განსხვავებული სახითაც იქნება დაწესებული, რაც აქამდე გვინახავს. თუ რამე უნდა ვისწავლოთ ამ წარსულიდან – 2008 წლის საქართველოში შემოსვლის და 2014 წელს უკრაინაში შესვლის საფუძველზე, ის გახლავთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც იმ ეტაპზე გააჩნდათ.

ამის ფასი რუსეთს სრულად არ ჰქონდა გადახდილი, ვერ მოხდა მისი შეკავება. სწორედ ამიტომ გვაქვს დღეს ეს გამოწვევა. ომის გარეშე როგორ შევაგნებინოთ რუსეთს, რომ მას მორალური, პოლიტიკური, ფინანსური ფასი ექნება გადასახდელი? რა არის მექანიზმები? – ეს არის სანქციების მთელი რიგი, რომელიც გარკვეულ ფორმას უზრუნველყოფს და შედეგსაც გამოიღებს. არსებობს დასავლეთის ქვეყნებში გამოცდილება, როდესაც სანქციები დაწესდა და მან შედეგი მოიტანა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ინტერვიუს წერილობით ვერსიას სააგენტო IPN ავრცელებს.