საქართველოს ასეთ მთავრობასთან შეთანხმდება შეუძლებელია, „სხვა რეალობაში“ არიან - პოდოლიაკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ საქართველოს ასეთ ხელისუფლებასთან შეთანხმდება შეუძლებელია, რადგან ისინი „სხვა რეალობაში“ არიან. მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც ასეთი მთავრობა აირჩია.

„ძალიან მარტივი დამოკიდებულება მაქვს საქართველოს მიმართ. არის ქართველი ხალხი, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ასეთი მთავრობის არჩევისას. ბატონი ივანიშვილის სახელობის მთავრობა, რომელიც სრულიად ფართოდ გახელილი ან ფართოდ დახუჭული თვალებით რუსეთის ფედერაციას უყურებს და მისგან ელის რაღაც ენერგეტიკულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს, 2008 წლის ომის არგაგრძელებას, ანუ ქართული ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელებას“, – განაცხადა პოდოლიაკმა YouTube-ის არხ  Голованов-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ომის დაწყებიდან ათი თვის შემდეგაც საქართველოს მთავრობას არ ესმის, ვის მხარეს უნდა იყოს, მაგრამ ამბობენ, რომ ევროინტეგრაცია სურთ.

„გასაკვირია, ისტორიაში ჩაიწერება, რომ 2022-2023 წლებში მთავრობა ქვეყნისა, რომელიც 2008 წელს რუსეთის შოვინისტური ელიტის თავდასხმის ქვეშ იყო, აგრძელებს უპატივცემულობის დემონსტრაციას უკრაინის მიმართ, რუსეთის ფედერაციის ექსპანსიონიზმისგან ევროპის გათავისუფლების პროცესისადმი უპატივცემულობის დემონსტრირებას. დაე, ქართველებმა მერე ამით იცხოვრონ”, – აღნიშნა პოდოლიაკმა.