რუსეთში, ქალაქ ყაზანში „ბრიკსის თამაშების“ გახსნის ღონისძიებაზე ოკუპირებული რეგიონების და საქართველოს დროშა გამოიტანეს.
„ბრიკსის თამაშებში“ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობენ. თუმცა, ქართული მხარე ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან მონაწილეობას ღონისძიებაში არავინ იღებს.
BRICS-ის 2024 წლის თამაშების ოფიციალური ვებგვერდზე არის ინფორმაცია, რომ საქართველოდან შეჯიბრებაში მონაწილეობას ქართველი სამბოისტები ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე იღებენ. თუმცა, „პუბლიკას” საქართველოს სამბოს ეროვნულ ფედერაციაში უთხრეს, რომ ისინი „ბირსკის თამაშებში” არც დამოუკიდებლად და არც ფედერაციის მხრიდან არ მონაწილეობენ.
„პუბლიკას” სამბოს ფედერაციაში ისიც უთხრეს, რომ ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე ახლა საქართველოში არიან და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ იყო მითითებული მათი გვარები BRICS-ის 2024 წლის თამაშების ოფიციალური ვებგვერდზე, თავადაც აზუსტებენ და არკვევენ.
„პუბლიკა” ასევე ცდილობს დეტალების გარკვევას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და კულტურის და სპორტის სამინისტროსთან. რატომ გამოჩნდა რუსეთში საქართველოს დროშა და ექნებათ თუ არა ამაზე რეაგირება.
რუსეთში, „ბრისკის თამაშები” ოფიციალურად ოთხშაბათს, 12 ივნისს გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე სიტყვებით გამოვიდნენ რუსეთის მაღალჩინოსნები, მათ შორის – რუსეთის სპორტის მინისტრი მიხაილ დეგტიაროვი. სპორტსმენებს ვიდეოჩართვით მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თამაშები გახსნილად გამოაცხადა.