დღევანდელ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ჟურნლისტებმა ჰკითხეს ევროკომისიისთვის მომზადებული ანგარიშის შესახებ.
ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს და მიზეზად დემოკრატიის „სერიოზულ უკუსვლას“ ასახელებს. იმისათვის, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდეს, ევროკომისიამ „ქართულ ოცნებას” რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა.
„ეს არ არის რაიმე პირველი 31 აგვისტო. 2017 წლიდან მოყოლებული 31 აგვისტო ყოველ წელს არის. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შემდეგ, ყოველ წელს საქართველო ამზადებს ანგარიშს თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ. რამდენად არის შესაბამისობაში როგორც საკანონმდებლო ჩარჩო, ისე მიგრაციული სტატისტიკა იმ მოთხოვნებთან, რომლებიც არსებობს უვიზო მიმოსვლის დროს. უპირველეს ყოვლისა, პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ქვეყანა, არის ის, რომ არ შეუქმნას საფრთხე ევროკავშირს მიგრაციული ნაკადების გაზრდის მხრივ, დანაშაულების გაზრდის მხრივ და ა.შ. ამ მხრივ საქართველოს ძალიან კარგი მაჩვენებლები აქვს. შეიძლება ითქვას, რომ არის სამაგალითოც…
რაც შეეხება თავად ამ საკითხის პოლიტიზებას და სპეკულაციებისთვის გამოყენებას, ეს ძალიან სამწუხარო ტენდენციაა, რასაც, ზოგადად, ბრიუსელისა თუ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნისგან ბოლო გარკვეული პერიოდი, ბოლო წლები ვაკვირდებით, როდესაც ქვეყნები თუ ბიუროკრატები ცდილობენ ევროკავშირის იდეა გამოიყენონ პოლიტიკურ იარაღად იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი მოახვიონ თავს სხვა ქვეყნებს…“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ევროკომისიას ანგარიში „გუშინ (31 აგვისტოს), დადგენილ ვადაში მიეწოდა”. რა უპასუხა ქართულმა მხარემ ევროკომისიას, უწყება პასუხს, ჯერჯერობით, არ ასაჯაროებს და არც სხვა დეტალებზე საუბრობს.
წერილი, რომელშიც 8 რეკომენდაციაა, ევროკომისიამ მაკა ბოჭორიშვილს 2025 წლის ივლისში გამოუგზავნა.